a

საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:

2013 წლის 6 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი და მასთან დაკავშირებული რეფორმები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი შეხვედრები ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება. (http://bit.ly/12cWq9x)

2013 წლის 16 იანვარს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია"-ში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შორის. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსისა და შესაბამისი რეფორმების გაცნობა და განხილვა. (http://bit.ly/Z22ifv)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2013 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 2.3 პროცენტით, ხოლო 2012 წლის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა. (http://bit.ly/XRBjlJ)

2013 წლის 14 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო კოდექსის პროექტის პირველი საჯარო განხილვა შედგა. კოდექსის პროექტი სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობით მომზადდა. განხილვას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები,სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, კოდექსის საბოლოო ვარიანტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ყველა ის შენიშვნა, რომელიც სამშენებლო კომპანიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ, მათ შორის მშენებლობის კოეფიციენტთან მიმართებაში, ნებართვების გაცემისა და ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით. სამშენებლო კანონმდებლობის კუთხით გერმანიის გამოცდილება გაუზიარა კოდექსის განხილვაზე შეკრებილ საზოგადოებას პროეფესორმა გერდ ვინტერმა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, კოდექსში აისახოს ისეთი საკითხები, როგორიცაა დაგეგმვის სამხარეო და ავტონომიური დონეები, ასევე გარემოზე ზემოქმედების, საზოგადოების ჩართულობის და უსაფრთხოების საკითხები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვებსა და მისი საბოლოო სახით შემუშავებას დაახლოებით 6-8 თვე დასჭირდება. (http://bit.ly/XlCCLR)

29 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შედგა შეხვედრა მინისტრსა და აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფების - "სინკარგოსა" და "სილქვეის" წარმომადგენლებს შორის.აზერბაიჯანული საინვესტიციო ჯგუფების ინტერესს წარმოადგენს კაპიტალის დაბანდება საქართველოში სავაჭრო ცენტრების მშენებლობის, აგრეთვე მეხილეობისა და რქოსანი პირუტყვის მოშენების მიმართულებით. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, განახორციელონ ინვესტიცია ადგილობრივ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. (http://bit.ly/YZw6bE)

2013 წლის 19 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი ინდური ტრასნაციონალური კომპანია–კონგლომერატის, "ტატა ჯგუფი"-ის დელეგაციას შეხვდა. "ტატა ჯგუფი" მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ, კერძოდ: ქიმიური და მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, კომუნიკაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სავაჭრო სფერო, სასტუმროების ქსელი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა. შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. "ტატა ჯგუფი" დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. წინასწარი ინფორმაციით, ისინი საქართველოში ასობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ საუბარი შეეხება კურორტ წყალტუბოში ინვესტიციების ჩადებასაც. (http://bit.ly/XEvvxX)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში. შეხვედრებზე განხილულ საკითხებს შორის იყო მტო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივები, ტურიზმის სტატისტიკის წარმოება და მისი გაუმჯობესების გზები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, დაგეგმილი ღონისძიებები, სემინარები და კონფერენციები, ასევე რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავების და საერთო ტურისტული პროდუქტების შექმნის საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს წევრ სახელმწიფოებს და გულისხმობს მტო-ს ექსპერტების ჩართულობას სხვადასხვა სტრატეგიული თუ მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადების კუთხით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო აბრეშუმის გზის პროექტს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით. (http://bit.ly/YZwuH7)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრული ავიაკომპანია "WIZZ AIR"-ის გენერალურ დირექტორს ჯოზაფ ვარადის შეხვდა.შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივები. თანამშრომლობის შედეგად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია "WIZZ AIR"-მა გააფართოვა ქსელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უახლოეს მომავალში გაზრდილი ავიარეისებით. კომპანიამ ქართულ მხარეს წინადადებით მიმართა ქუთაისის აეროპორტში მომსახურების ბაზის გახსნის თაობაზე, რაც მათ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენების გაფართოების საშუალებას მისცემთ. (http://bit.ly/ZD3uHl)

20 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურიზმის სფეროში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც საქართველოში პირველად ტურიზმის მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. აღნიშნული ორგანო ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კერძო სექტორის წარმომადგენლებისა (ასოციაციების) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. საბჭოს შექმნის მიზანს აღნიშნულ სექტორში არსებული საკითხების განხილვა და ტურიზმის განვითარებისათვის სწორი მიმართულებების ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. ტურიზმის მრჩეველთა საბჭოში შევიდნენ შემდეგი ბიზნეს ორგანიზაციები: საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაცია, გიდების ასოციაცია, კერძო დასაქმების სააგენტოების ასოციაცია. (http://bit.ly/142vepr)

როიტერის მონაცემებით, საქართველო ორციფრიან ეკონომიკურ ზრდას ელის. (http://reut.rs/WrNCUS)

5 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახალ ფაზაში შევიდა. ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორივე მხრიდან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ. ფილიპ დიმიტროვის განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან მიმდინარე პროექტები განიხილეს. მათ შორის უმთავრესი - საინვესტიციო და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამინისტროს შიგნით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად იმუშავებენ. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ქართულ მხარესა და ევროკავშირს შორის უკვე სამი რაუნდი გაიმართა. რიგით მეოთხე რაუნდი ნოემბრის ბოლოს, ბრიუსელში გაიმართება. (http://bit.ly/12d84kZ)

20 თებერვალს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური "დაბი ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს მათ მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მდგომარეობა, ასევე სამომავლო საინვესტიციო პროექტები. "დაბი ჯგუფი" მარტის შუა რიცხვებიდან დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. "დაბი ჯგუფი" საქართველოში ამჟამად 180 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს. ჯგუფი ამჟამად ინვესტიციებს ახორციელებს საბანკო და ტურისტულ სექტორებში, სასტუმროების მშენებლობასა და ტელეკომუნიკაციებში. (http://bit.ly/VzfTgI)

აშშ-ის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის "Heritage Foundation"-ის ინფორმაციით საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ 21-ე ადგილზეა. ამავე კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის, ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მე-11 პოზიციაზეა. (http://herit.ag/Z6uPmz)

სახელმწიფოს საკუთრებში მიქცეული და, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მექანიზმები მარტივდება. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ორგანოებისთვის გადაცემის საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება. ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისას ინტერნეტაუქციონის და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების საკითხი. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას უშუალოდ სსიპ - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მიიღებს. პროექტის თანახმად, სააგენტო სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმების შესახებ გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტროს აღარ შეუთანხმებს, გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელთა შესაბამისად აღნიშნული ქონების განაწილება - მათი უსასყიდლოდ გადაცემა ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის ან თუ ხორციელდება ასეთი ქონების სოციალური მიზნებისთვის გამოყენება. ამავე კანონპროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროსთან აღარ შეთანხმდება სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურების საკითხი. (http://bit.ly/VZhBa7)

ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის დადგენის ვადამ 1 მაისამდე გადაიწია - აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას შორის 25 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეხვედრას დაესწრნენ ასოციაციაში შემავალი კომპანიების: "ნატახტარი", "წყალი მარგებელი", "აიდიეს ბორჯომი საქართველოს", "აქვა გეოს", "იბერია რეფრეშმენტსის" (პეპსი), "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წარმომადგენლები. ფინანსთა მინისტრის პირველი ბრძანება, რომელიც ელექტრონულ მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის განსაზღვრას ეხებოდა, ძალაში 2013 წლის მარტიდან უნდა შესულიყო. 25 თებერვალს მიღწეული შეთანხმებით, ვადამ 1 მაისამდე გადაიწია. აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ფინანსთა სამინისტრომ კიდევ ორთვიანი ვადა აიღო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით მეორე შეხვედრა ბორჯომში, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. ნოდარ ხადურის განცხადებით, გამოიცა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, საექსპორტო პროდუქცია არ დაექვემდებარება მარკირებას. (http://bit.ly/Z6gkPw) და (http://youtu.be/iOpdfSbEXUE)

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "საბაჟო კავშირში გაწევრიანების საკითხი მომავალ პერსპექტივაშიც არ განიხილება" მინისტრის განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკებების მიზანია, რომ ადგილობრივმა მწარმოებლებმა რუსეთის ბაზარზე პროდუქციის რეალიზება მოახდინონ, თუმცა მისივე თქმით, ეს არ ეწინააღმდეგება გაცილებით მნიშვნელოვან პროცესს, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე აწარმოებს. (http://bit.ly/13CuOdx)

2013 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები შესულია 7 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე იყო 2012 წლის ამავე პერიოდში. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 3-თვიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. (http://bit.ly/1090438)

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3 პროცენტი შეადგინა. (http://bit.ly/Xl5vZW)

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0.18 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (4.8 პროცენტი);
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0.07 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

2013 წლის თებერვალში 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -2.1 პროცენტი შეადგინა. 12–თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0.97 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (13.1 პროცენტი), თევზეული (8.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.9 პროცენტი),ზეთი და ცხიმი (2.0 პროცენტი);
  • საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: მოცემულ ჯგუფში ფასები შემცირდა 7.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0.60 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.9 პროცენტი), საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (7.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (1.8 პროცენტი);
  • დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3.0 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0.19 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა აუდიოვიზუალური, ფოტოგრაფიული და მონაცემთა დამუშავების მოწყობილობებზე (14.4 პროცენტი). (http://www.mof.ge/5109)

საქართველოს შეფასების ასოციაცია | 2013 წელი | საავტორო უფლებები დაცულია

Design by Di Più Studio