საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
გაძლიერდა გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება და შესაძლებლობები. საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგება 40-ზე მეტი კანონპროექტისაგან. ამ ცვლილებათა თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო განახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა). სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ფუნქციები: სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე; ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირების ორგანიზება.
სამინისტროს შემადგენლობაში შევა ხუთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი: დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, სატყეო-საბაზისო სანერგე მეურნეობა, სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო შევა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში სსიპ სატყეო სააგენტოს სახით. (http://bit.ly/ZyxW70)
14 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა საპილოტე პროექტის "ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში" სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების, უნივერსიტეტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის კომუნიკაციის სტრატეგია და იმსჯელეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საპილოტე სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასებას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ატმოსფერული ჰაერის ახალი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სადამკვირვებლო ჯიხური. ამასთან, პროექტის ფარგლებში მომზადდება ჰაერის ხარისხის კომპიუტერული მოდელი, რომელიც მოგვცემს ზოგად სურათს მთელს ქალაქში არსებული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის (კონცენტრაციების) შესახებ. (http://bit.ly/ZeojZc)
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე შეხვდა USAID-ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სტივენ ჰეიკინს და განიხილეს USAID-ის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროგრამა "ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში (INRMW), რომელიც ხორციელდება GLOWS-ის კონსორციუმის მიერ. INRMW პროგრამის მიზანია მდინარეების აუზების ინტერგრირებული მართვის გეგმების პრაქტიკული და სანიმუშო მოდელების შემუშავება საპილოტე ტერიტორიებზე და ამ მოდელების განვრცობა მთელ საქართველოში. პროგრამის დირექტორია მარიამ შოთაძე. (http://bit.ly/12HcVuW)
"წიაღის შესახებ", "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ", "წყლის შესახებ" და "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანაზე მუშაობა დაიწყებულია. 4 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტების განსახილველად და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხრიდან შენიშვნებისა და წინადადებების მისაღებად. (http://bit.ly/YmOgU7)
სამინისტრო ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით 19 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა პროექტის "ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის" (TEEB) საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გარემოს დაცვის სამინისტროს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის მიერ ჩატარებული წინასწარი კვლევის დოკუმენტის სამუშაო ვერსია. "ეკონომიკა ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნებისათვის" (TEEB) წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნების გლობალურ ეკონომიკურ სარგებელზე ყურადღების გამახვილებას, ბიომრავალფეროვნების შემცირებითა და ეკოსისტემების დეგრადაციით გამოწვეულ დანაკარგებზე ხაზგასმას და პრაქტიკული ქმედებების განხორციელებისათვის მეცნიერების, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროთა ერთობლივ ძალისხმევას. საქართველო პროექტში მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი საპილოტე ქვეყანა. (http://bit.ly/WDsp0g)
25 თებერვლიდან ხე-ტყის კონტროლის ახლებური მექანიზმები ამუშავდა. აღდგა მარკირების ვალდებულება და დადგინდა სახერხი საამქროების რეგლამენტი. ავსტრიის განვითარების სააგენტოს დახმარებით მუშავდება სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტი, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და განსაზღვრავს სატყეო სექტორის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს. (http://bit.ly/10tOegp)
მინისტრთა გარემოსდაცვითი გლობალური ფორუმის ფარგლებში ჩატარდა მინისტრთა მრგვალი მაგიდის დიალოგის ექვსი შეხვედრა. აქედან ერთ-ერთ მრგვალი მაგიდის დიალოგის თემა იყო "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში". (http://bit.ly/Y54r99)
შერჩეული კონსორციუმი, რომელიც შედგება გერმანული კომპანიებისგან - "INFRASTRUKTUR & UMWELT Professor Böhm und Partner", "ERM GmbH" და ქართული საკონსულტაციო ჯგუფი "გამა"-სგან, ამზადებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას, ქუთაისის მუნიციპალური ნარჩნების სრული ნაკადის მართვის გათვალისწინებით და სანიტარული ნაგავსაყრელების გეგმას. აღნიშნული საქმიანობების განხორციელება მიმდინარეობს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტორსთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობით.
13 თებერვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სანიტარული ნაგავსაყრელების ეროვნული გეგმისა და ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების პრეზენტაციაც გაიმართა.
ხორციელდება საპილოტე პროექტი "ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში". პროექტი მიზნად ისახავს თბილისში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საპილოტე სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შეფასებას. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ატმოსფერული ჰაერის ახალი, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სადამკვირვებლო ჯიხური. ამასთან, პროექტის ფარგლებში მომზადდება ჰაერის ხარისხის კომპიუტერული მოდელი, რომელიც მოგვცემს ზოგად სურათს მთელს ქალაქში არსებული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის (კონცენტრაციების) შესახებ. (http://bit.ly/WYenB6)
მოეწყო გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საველე ექსპედიცია პალიასტომის ტბაზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკო-კლუბების წევრებმა და ასევე საჯარო სკოლის ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ საკითხებში. (http://bit.ly/14Metz9)
გამოიცა წიგნი "თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის". წიგნში მოცემულია რჩევები და თამაშები სკოლამდელი ასაკის ბავშვის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. რეკომენდაციები ეყრდნობა ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებს. აღნიშნული პუბლიკაცია დაეხმარება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებსა და აღმზრდელებს უკეთ დაგეგმონ განმავითარებელი და ბავშვისთვის საინტერესო აქტივობები თუ თამაშები როგორც საბავშვო ბაღში, ასევე სახლში. მშობლისა და აღმზრდელის წიგნი უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა მუნიციპალურ ბაღს საქართველოს მასშტაბით, ელექტრონული ვერსია კი განთავსდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე www.elibrary.emis.ge. (http://bit.ly/WDt7dU)
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქალბატონ ქეით ჯულიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს რამდენად არის დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტი, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. (http://bit.ly/16lbLnO)
2013 წლის მარტი-მაისის პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები
ახალი ავტომატური ჰიდროლოგიური სადგურის გახსნა მდინარე მტკვარზე
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მდინარე მტკვარზე გაიხსნა ახალი ავტომატური ჰიდროლოგიური სადგური. სადგურის მონტაჟი დაფინანსდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. სადგურის გახსნას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის პირველი მოადგილენინო შარაშიძე, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ივან იესტრჟაბი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსიშალვა ჯავახაძე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსი რამაზ ჭითანავა. სტუმრებმა მოინახულეს ქ. თბილისის კომპლექსური მეტეოროლოგიური სადგური (ვაშლიჯვარი), სადაც განთავსებულია მეტეოროლოგიურ და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობაზე დაკვირვების თანამედროვე გამზომი საშუალებები.
ახლადგახსნილი სადგური იძლევა მდინარეში წყლის დონის დროში უწყვეტად გაზომვის და ინფორმაციის დამუშავების ცენტრში ავტომატურად გადმოცემის საშუალებას. აღნიშნული მონაცემების ოპერატიულად მიღება ხელს უწყობს მდინარის წყლიანობის რეჟიმის ობიექტურად შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში წყალდიდობა-წყალმოვარდნის დროულად პროგნოზირებას. (http://moe.gov.ge)
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში
საერთაშორისო ექსპერტებმა საჯარო პრეზენტაციაზე ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში წარმოადგინეს. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას მიმართა საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში. ექსპერტებმა შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, შეხვდნენ ინვესტორი კომპანიისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეწვივნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს და შეისწავლეს საკითხი ადგილზე, შეხვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას. (http://moe.gov.ge)
ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა. ექსპერტებმა შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, აგრეთვე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. (http://moe.gov.ge)
კონკურსი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში
29 მაისიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ცხადდება კონკურსი თანამშრომელთა მისაღებად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ახლადშექმნილ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამა წლის 29 მაისიდან ცხადდება კონკურსი თანამშრომელთა მისაღებად. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
თავისი ამოცანების სრულფასოვნად და ეფექტურად შესრულებისათვის დეპარტამენტს ესაჭიროება სხვადასხვა პროფესიული ცოდნის მქონე როგორც მაღალკვალიფიციური და გამოცდილი, ისე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვა. აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედვველობის დეპარტამენტი აცხადებს თანამშრომელთა მიღებას მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ ორგანოებში. (http://moe.gov.ge)
2012 წლის ოქტომბრიდან - 2013 წლის აპრილამდე გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვები და ეკოლოგიური დასკვნები. (http://moe.gov.ge/files/PDF%20%20qartuli/Proeqtebi..pdf)
გარემოს დაცვის სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს"საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების და გარემოსდაცვითი ინსპექტირების საკითხებში", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის შექმნა და თანამშრომელთათვის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. (http://moe.gov.ge)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დაათვალიერეს ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია. ბუნების ისტორიის განახლებული ექსპოზიცია წარმოაჩენს კავკასიის ფლორასა და ფაუნას, გამოირჩევა როგორც ისტორიული, ისე მეცნიერული ღირებულებითა და მსოფლიოს მასშტაბით დღესაც სპეციალისტთა მაღალ შეფასებას იმსახურებს.
გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნა „National Geographic"-ის მიერ XIX-XX საუკუნეებში გადაღებული ფლორის, ფაუნისა და გეოლოგიის ამსახველი ფოტო, ვიდეო-მასალა და გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც „National Geographic საქართველოსთან" ერთად ითარგმნა და ადაპტირდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბუნების ისტორიის კოლექციების გამოფენისთვის. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, რომელთა მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სამუზეუმო განათლების მეშვეობით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საბუნებისმეტყველო დისციპლინის პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევების მიმართ ინტერესის გაღვივება. (http://moe.gov.ge)
ურთიერთგაგების მემორანდუმი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი.
მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობის მიზანია საფრთხეში მყოფი და ეკონომიკური ღირებულების მქონე ცხოველთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, წითელი ნუსხის მომზადება ბალახოვანი მცენარეებისათვის, ტყეების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის შემუშავება და შესაბამისი საკანონმდებლო დოკუმენტაციის მომზადება.
მემორანდუმი გაფორმდა GIZ-ის პროგრამის ფარგლებში "ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში". საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობიდან გამომდინარე, GIZ-მა იკისრა თანხის გამოყოფის ვალდებულება საქართველოში ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
(http://moe.gov.ge)ეკო-მედია პიკნიკი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ეკო-მედია პიკნიკი, რომლის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროსა და მას-მედიის წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ყველა დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი ექსპერტები და ტელე, რადიო და პრესის ჟურნალისტები. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა ისაუბრეს გარემოსდაცვითი თემების და მომიჯნავე სფეროების, სამინისტროსა და მედიას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების, გარემოსდაცვითი თემატიკის ეფექტურად გაშუქების, სამინისტროს გაფართოებული ფუნქციების, განახლებული სტრუქტურის და სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადაწყვეტის გზების შესახებ. (http://moe.gov.ge)
მცირე გრანტების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებითა და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ანხორციელებს მცირე გრანტების პროგრამას, როლის მიზანია გარემოსდაცვითი ინიციატივების მხარდაჭერა. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 750 ათასი აშშ დოლარია.
ეკო-დებატები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში
ბიომრავალფეროვნების კვირეულის ფარგლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა ეკო-დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ორმოცზე მეტმა მოსწავლემ სხვადასხვა სკოლებიდან. აგრეთვე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ შალვა ამირეჯიბმა. ეკო-დებატების ფარგლებში გამართული კონკურსის 6 გამარჯვებული ივნისის ბოლოს გაემგზავრება საქართველოს დაცული ტერიტორიების მოსანახულებლად.
ღონისძიება გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და არასამთავრობო ორგაბიზაცია Ecovision-ის ორგანიზებით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
ეკო-დებატები რეგულარულად ტარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
2013 წელს შეიქმნა TSU-ECO Debate Club-ი, რომელიც თსუ - საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით ფუნქციონირებს. კლუბის მიზანია სკოლის მოსწავლეებისათვის საქართველოში და მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გაცნობა, გაანალიზება, დისკუსია ამ საკითხების ირგვლივ და შესაბამის აქტივობებში ჩართვა.
(http://moe.gov.ge)შეხვედრა ტყის მონიტორინგის საკითხებზე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა ტყის მონიტორინგის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ავსტრიის განვითარების სააგენტოს, სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი სატყეო ექსპერტები.
შეხვედრაზე განხილული იქნა GIZ-ის პროგრამის „ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში" მიერ დანერგილი ტყის მონიტორინგის სისტემა დისტანციური ზონდირების გამოყენებით და აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში გამოყენების შესაძლებლობები ტყის მდგრადი მართვისა და მონიტორინგისათვის. (http://moe.gov.ge)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე გაეროს ევროპისათვის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ დირექტორს, სვენ ალკალაის შეხვდნენ.
შეხვედრა განხორციელდა სვენ ალკალაის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრას და მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის, გარემოს დაცვისა და ტყის მართვის სფეროში არსებული გამოწვევების, განხილვას.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პრიორიტეტები გარემოს დაცვის სფეროში და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და UNECE-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.
საქართველო უკვე არის UNECE-ს რამდენიმე კონვენციის მხარე. სვენ ალკალაიმ აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ UNECE-ს გარემოსდაცვით კომიტეტთან და სხვა უწყებებთან, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისათვის. (http://moe.gov.ge)
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საერთაშორისო სასკოლო პროექტის - SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, კავშირი მდგრადი განვითარებისთვის „ეკოხედვა/EcoVision"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო სულხანიშვილი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვის პროგრამის დირექტორი ჰანს-იოახიმ ლიპი და ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოების (Norges Naturvernforbund/Friends of the Earth Norway) წარმომადგენელი.
მემორანდუმის მიზანია უზრუნველყოს მხარეებს შორის თანამშრომლობა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპების სკოლებში და საზოგადოებაში დანერგვის ხელშეწყობა, პედაგოგების საინფორმაციო და მეთოდური მასალებით დახმარება, ენერგოეფექტურობის კუთხით ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკულ საქმიანობებში სკოლების ჩართულობის მხარდაჭერა. (http://moe.gov.ge)
აქცია "დარგე შენი მომავალი"
ბრიფინგის ფარგლებში მინისტრმა საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღისა და ამ გარემოსდაცვითი თარიღის მნიშვნელობის შესახებ, მოკლედ გააცნო ტყის მართვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებები და სამინისტროს ღონისძიებები ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
24 მარტიდან გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს გარემოსდაცვით აქციას "დარგე შენი მომავალი". აქციის მიზანია ბიომრავალფეროვნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდა თაობებისათვის ხის დარგვის, მოვლისა და მისი აუცილებლობის სწავლება, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაცია და საზოგადოების პრაქტიკულ ღონისძიებებში ჩართვა.
აქცია "დარგე შენი მომავალი" ორგანიზებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, სანერგე მეურნეობა "საქართველოს ნერგები"-ს მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადაეცა ხის სხვადასხვა სახეობის ნერგები. აქციაში მონაწილეობენ სამინისტროები და სხვა სამთავრობო სტრუქტურები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
24 მარტიდან კახეთის რეგიონში გაიმართება გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც ნერგები ათი დღის განმავლობაში დაირგვება კატასტროფისგან დაზარალებული რაიონების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის, სკოლებისა და სხვა დაწესებულებების ტერიტორიაზე.
ახალგაზრდული ეკო-სამიტი გარემოს დაცვის სამინისტროში დედამიწის დღესთან დაკავშირებით
გარემოს დაცვის სამინისტროში ახალგაზრდული ეკო-სამიტი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი გია გაჩეჩილაძე, "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი და გარემოს დაცვის დარგის სხვა სპეციალისტები.
სამიტი ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროსა და "ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების" ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიებისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 20-მდე ახალგაზრდა, რომლებმაც მოისმინეს მომხსენებელთა სემინარები გარემოსდაცვით საკითხებზე, იმსჯელეს საქართველოში ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე.
პროექტი მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში გარემოს დაცვის საკითხების პოპულარიზაციასა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას სხვადასხვა ეკო-პროექტებში როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროექტი ჩატარდება ყოველწლიურად სამ ეტაპად: შერჩევითი ეტაპი, სამიტი, აქტივობები სამიტიდან სამიტამდე. (http://moe.gov.ge)
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ,სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. ღონისძიება განხორციელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში 22 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით. კამპანია "ბაღის ფრინველთა საათი", რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს, უკვე მეხუთე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.
კამპანიის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა საჯარო სკოლის 1000-ზე მეტ მასწავლებელს, რის შედეგადაც ღონისძიებაში ჩაერთო 20 000-მდე მოსწავლე მთელი ქვეყნის მასშტაბით. (http://moe.gov.ge)
ევროპის მოედანზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიება განხორციელდა ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით .
ევროპის კვირეულის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე ჩატარდა შეხვედრები სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან, ნახატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსები და გამარჯვებულთა დაჯილდოება, ნახატების გამოფენა, მარათონული გარბენი და გამწვანების აქცია.
ღონისძიებებში, მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მოსწავლეები, სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ევროპის დღეები საქართველოში ევროპის დღის აღსანიშნავად მოეწყო. 9 მაისს ევროპის კავშირს 52 წელი შეუსრულდა. ევროკავშირი 27 სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა (1 ივნისიდან მას შეუერთდება ხორვატია), რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების უზრუნველყოფას მისი 500 მილიონი მოქალაქისთვის. (http://moe.gov.ge)
გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულმიმართულებად გამოცხადდა
2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოს მთავრობის მიერ გარემოს დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულმიმართულებად გამოცხადდა. ამის დამადასტურებელია ის თანმიმდევრული ნაბიჯები, რაც გარემოს დაცვის სფეროს გაძლიერების მიზნით გადაიდგა.
სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შეემატა ახალი სამსახურები: ტყის პოლიტიკის, მიწის რესურსების დაცვის,ბუნებრივი და ანთროპოგენული საფრთხეების მართვის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისუზრუნველყოფის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზედამხედველობის ორგანოს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და მისი 7 ტერიტორიული ორგანოს შექმნა.
შეიქმნა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები: ეროვნული სატყეო სააგენტო და გარემოსდაცვითიინფორმაციისა და განათლების ცენტრი. სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოდა კვლავ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გამგებლობის სფეროს დაუბრუნდა. სსიპდაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოების ჩათვლით სამინისტროსდაქვემდებარებაში უკვე 5 სსიპ-ია. (http://moe.gov.ge)
სადემოსტრაციო პროექტის ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალი
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს ორგანიზებით გაიმართა BP-ისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტში მისი პარტნიორი ნავთობკომპანიების მიერ დაფინანსებული სადემოსტრაციო პროექტის "ენერგოეფექტური ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლისათვის" ექსპლუატაციაში გადაცემის ცერემონიალი.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, BP-ის და ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლები და მედია.
პროექტის თანახმად, „ჩვილ ბავშთა სახლში" ჩატარებული ენერგო-აუდიტის საფუძველზე განხორციელდა შემდეგი ენერგოდამზოგი ღონისძიებები:
აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა ჩვილ ბავშვთა სახლის საცხოვრებელი პირობები, შემცირდა ენერგოდანახარჯები და სათბური აირის ემისიები. (http://moe.gov.ge)
პროექტი "დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია"
გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა შეხვედრა პროექტთან "დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგია" (Law Emissions Development Strategy - LEDS) დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი.
გასული წლის დეკემბერში ხელი მოეწერა დაბალი ემისიების სტრატეგიის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც აშშ-ს მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე სათბურის აირების ემისიების შემცირების, ენერგოეფექტურობის საშუალებათა დანერგვისა და განვითარების, აგრეთვე გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის ფორმატზე დაბალი ემისიების განვითარების სტრატეგიის შემუშავების მიზნით. (http://moe.gov.ge)
23 მარტს საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, აღინიშნა გარემოსდაცვითი მოხალისეობრივი აქცია "დედამიწის საათი"
აქციის ფარგლებში საღამოს 08:30-დან 09:30 საათამდე გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ნარიყალას ციხე-სიმაგრის, გაეროს სახლისა და სხვა შენობა-ნაგებობების გარე არააუცილებელი განათება.
"დედამიწის საათის" ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირებისა და ენერგოეფექტურობის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა, აგრეთვე, გადაწყვეტილების მიმღები პირების და რიგითი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის, აგრეთვე ენერგოეფექტურობის ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგიის გამოყენების შემცირების თაობაზე. (http://moe.gov.ge)
"ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის" პირველი შეხვედრა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა "ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის" პირველი შეხვედრა.
კომისია შეიქმნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის მიზანია "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის შექმნა. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ძველი ავტოპარკის თანდათანობითი განახლების, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი კონტროლის სისტემის დანერგვის, ავტომობილების რაოდენობის და მოძრაობის ინტენსივობის შემცირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. (http://moe.gov.ge)
2013 წლის 30 აპრილს გაიმართა მეხუთე ორმხრივი საკონსულტაციო შეხვედრა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის
შეხვედრა ჩატარდა გარემოსა და უსაფრთხოების ინიციატივის (ENVSEC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია UNECE-ს წყლის კონვენციის იმპლემენტაცია და შეთანხმების მომზადება ტრანსსასაზღვრო მდინარეების მართვის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის. აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს მდინარე მტკვრის აუზის ტრანსსასაზღვრო წყლების მართვის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დეტალური საკითხები. (http://moe.gov.ge)
გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის სამინისტროს, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, აგრეთვე სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. განხილული იქნა შემდეგი კანონპროექტები:
შეხვედრა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების შენიშვნებისა და მოსაზრებების გაცნობას აღნიშნულ კანონპროექტებთან დაკავშირებით. (http://moe.gov.ge)
გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართვა
გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა მიმართვა "ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ურბანულ გარემოსდაცვით პრობლემას. მოსახლეობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისათვის მცენარეული და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით წვა. დამაბინძურებლები, რომლებიც წარმოიქმნება წვის ნებისმიერი პროცესის დროს, უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკოსისტემებზე. განსაკუთრებით სახიფათოა რეზინის საბურავი, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მისი წვის შედეგად გამოთავისუფლდება მთელი რიგი მაღალტოქსიკური დამაბინძურებლები. გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით". (http://moe.gov.ge)
პროექტის "ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლიერება" ჰიდროლოგიური ნაწილის შედეგების პრეზენტაცია
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ივან იესტრჟაბი დაესწრნენ პროექტის "ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლიერება" ჰიდროლოგიური ნაწილის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროში.
პროექტის ფარგლებში დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემა, რომელიც გამოიყენება სტიქიური მოვლენების რისკის შემცირებისთვის. ფუნქციური გაფრთხილების სისტემა ხელს შეუწყობს ამინდის ექსტრემალური მოვლენების უარყოფითი ზეგავლენის შერბილებას.
პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს და განავითაროს საქართველოს მზადყოფნა ამინდის ექსტრემალური მოვლენების მიმართ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოებით და მოდერნიზაციით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდა ჩეხეთის ჰიდრომეტეროლოგიური ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარება და მათი მონაცემთა ბაზების გამოყენება მეტეოროლოგიასა და ჰიდროლოგიაში.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბიუჯეტი განისაზღვრება 560 000 ევროს ოდენობით და დასრულდება 2013 წლის ბოლოს. (http://moe.gov.ge)
საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვა
25 და 26 აპრილს გარემოს დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის განხილვა მოეწყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი, გარემოს დაცვის სამინისტროს, CENN-ის, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები.
სახელმწიფო სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესი ავსტრიის ფედერალური ტყეებისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით ხორციელდება. დოკუმენტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება შეხვედრის მონაწილეთა შენიშვნები და გაგრძელდება საკონსულტაციო შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, რის შემდეგაც გარემოს დაცვის სამინისტრო დოკუმენტს საჯარო განხილვისათვის წარადგენს.
პარალელურად მიმდინარეობს საქართველოს რეგიონების ინფორმირების პროგრამა სატყეო დარგში მიმდინარე რეფორმის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში გაიმართა. (http://moe.gov.ge)
"გერმანიის განვითარების და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა" (KfW) 8 250 000 ევრო გამოყო ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის ეროვნული პარკებისთვისა და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიებისთვის
გარემოს დაცვის სამინისტროში გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, KfW კავკასიის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა და KfW-ის რეგიონულმა მენეჯერმა დევიდ ბერტოლაზამ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
მომზადდა განსაკუთრებული შეთანხმების და ფინანსური ხელშეკრულების პროექტი "ეკო-რეგიონული განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში " ხელშეკრულება მოიცავს დაცული ტერიტორიებისთვის 8 250 000 ევროს გამოყოფას. კერძოდ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში განხორციელდება ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვა და მოვლა-პატრონობა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება და სხვა პრიორიტეტული ღონისძიები.
პროექტის მიზანია, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკო-ტურიზმის განვითარება, ასევე, ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების მართვა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. (http://moe.gov.ge)
დაცული ტერიტორიების სააგენტომ საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
2013 წლის 10-12 მაისს დაცული ტერიტორიების სააგენტომ აჭარაში, ქ.ბათუმში გამართულ ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-6 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაზე "EXPO BATUMI 2013"-ში მიიღო მონაწილეობა.გამოფენაში მონაწილეობა მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული პარკების და მასზე არსებული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცნობას და ეკოტურიზმის განვითარებას ეროვნულ პარკებში. (http://www.apa.gov.ge)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დახმარება
(KfW) მეშვეობით 18.000.000 ლარი გამოყო ყაზბეგის, კინტრიშის, ალგეთის ეროვნული პარკებისთვის განვითარებისა და ფშავ-ხევსურეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითარების მიზნით მომზადდა განსაკუთრებული შეთანხმების და ფინანსური ხელშეკრულების პროექტი "ეკორეგიონალური განვითარების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში " (18.000.000 ლარი BMZ/KfW).
პროექტის მიზანია, ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკოტურიზმის განვითარება, ასევე, ბუნებრივი რესურსების და დაცული ტერიტორიების მართვა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ხელშეკრულება გულისხმობს დაცული ტერიტორიებისთვის 18.000.000 ლარი გამოყოფას. კერძოდ: მომდევნო 3 წლის განმავლობაში ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება, მოვლა-პატრონობა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის განსახორციელება, ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დასაფინანსება და სხვა პრიორიტეტული ღონისძიების განხორციელება. (http://apa.gov.ge)
კავკასიის ბუნების ფონდმა, ბორჯომ-ხარაგაულის და მტირალას ეროვნული პარკებისათვის 580.000 ევრო გამოყო. ხელშეკრულება მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვული პარკისთვის 340.000 ევროს და მტირალას ეროვნული პარკისთვის 240.000 ევროს გამოყოფას. (http://apa.gov.ge)
ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების სტრატეგიული პრინციპების პრეზენტაცია
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა ნარჩენების მართვის კანონპროექტით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის პირველი ეროვნული სტრატეგიული გეგმისა და საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემის განვითარების სტრატეგიული პრინციპების პრეზენტაცია. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
5 წლიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია და მუნიციპალური ნარჩენების რეგიონული მართვის კონცეფცია შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის "გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" ფარგლებში.
სტრატეგიაში გამოიკვეთა ნარჩენების მართვის ახალი სისტემის მთავარი პრიორიტეტები:
შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა მუნიციპალური ნარჩენების რეგიონულ დონეზე მართვის სხვადასხვა ვარიანტები და ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიერ ნარჩენების ერთობლივი შეგროვებისა და დამუშავების მიზნით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც; ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სწორედ გარემოს დაცვა წარმოადგენს და ის მოიცავს კონკრეტულ ვალდებულებებს ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული პრაქტიკის დანერგვის თაობაზე. (http://moe.gov.ge)
შეხვედრა აჭარის მთავრობაში
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენების მართვის სამმართველოს უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, დავით ბალაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა აჭარაში ნარჩენების მართვის მხრივ არსებული პრობლემები, მათ შორის, არსებული ნაგავსაყრელების კონსერვაციისა და რეკულტივაციის, აგრეთვე აჭარაში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობის საკითხები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ და ნარჩენების სამმართველოს უფროსმა მოინახულეს სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისათვის შერჩეული ადგილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ცეცხლაურში. ამჟამად მიმდინარეობს შერჩეული ტერიტორიის კვლევა და შესწავლა, რომლის საფუძველზეც მომზადდება ნაგავსაყრელის მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და ნებართვისათვის წარედგინება გარემოს დაცვის სამინისტროს.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გაცემული სესხისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) გრანტის მეშვეობით. (http://moe.gov.ge)
ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის პროექტის "გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში" ფარგლებში. კანონპროექტი ნარჩენების მართვის შესახებ ითვალისწინებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას საქართველოში. უკვე 20 წელია, საქართველოს მთავრობა ისწრაფვის, შეიმუშავოს და დანერგოს კანონი ნარჩენების მართვის შესახებ, შესაბამისად, კანონპროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდა ამისა, კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგანაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.
შეხვედრა გახსნა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი; შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა კანონპროექტის მთავარი მოთხოვნებისა და გამოწვევების განხილვას. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ ევროპაში უკვე დამკვიდრებულ პრინციპს - "მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა", რომელიც მიზნად ისახავს მწარმოებელთა მიერ ფინანსური და ორგანიზაციული წვლილის შეტანას მათი პროდუქციის ნარჩენების გადამუშავებაში.
სამომავლოდ დაგეგმილია მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული უფლებების, ვალდებულებებისა და პროცედურების, ნებართვებისა და ნაგავსაყრელების ოპერირების, ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გადამუშავებისა და განთავსების, აგრეთვე ნარჩენებთან დაკავშირებული სხვა დებულებების განხილვა. (http://moe.gov.ge)
გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტმა გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა შეამოწმა
გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა ქალაქ თბილისის მერიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობის მიზნით 2010 წლის 24 მარტს გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების შესრულების მდგომარეობა.
გარემოსდაცვითი შემოწმების შედეგად გამოვლინდა ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობა.
გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზისა და ინსპექტირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ, საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციული კოდექსის 79 მე-2 პრიმა მუხლით, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. (http://moe.gov.ge)