საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
0.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-sამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან.
საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში სამუშოები ქვემო ქართლის რეგიონის სოფლებიდან დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწობის პროექტის" განხორციელებით 39285 ბენეფიციარი ისარგებლებს და მხოლოდ ამ რეგიონში 24 ათასი ჰა მიწის ფართობი დამუშავდება. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამით, მხოლოდ მარნეულის რაიონში 80 სოფლის 7500 ბენეფიცირი ისარგებლებს და 3950 ჰა მიწის ფართობი დამუშავდება.
შემუშავებულია სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი. საერთო ჯამში მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დაეხმარება 640 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს. მხოლოდ მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. წელს სოფლის მეურნეობის სფეროში მობილიზებული და დაგეგმილია 700 მილიონამდე ლარის დახარჯვა. (http://bit.ly/ZVJiQV)
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის 80% არ იყო რეგისტრირებული. ამიტომ, საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა და მოხდა ადგილებზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება და ინფორმაციის შედარება საჯარო რეესტრთან.
მინისტრმა 100 დღის მუშაობის ანგარიშში აღნიშნა, რომ მთავრდება შეღავათიანი აგროკრედიტის შემუშავება რომელიც იქნება 3 სახის საკრედიტო პროდუქტი. ესენია:
დიდი და საშუალო ფერმერების ხელშეწყობა განხორციელდება იაფი კრედიტებით უზრუნველყოფის გზით, ვისაც 1 წელზე ნაკლები ვადით, ესაჭიროებათ 5,000 ლარიდან 100,000 ლარამდე თანხა საბრუნავი კაპიტალის დასაფინანსებლად. ამ ტიპის სესხებს მიიღებენ საშუალო და დიდი ფერმერები, რომლებიც არ არიან მცირე ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები. ფერმერისთვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება 7%-8%-მდე. სასოფლო-სამეურნეო საწარმოების დაფინანსება გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტი არაუმეტეს 1.000.000 ლარისა - საშუალოდ წლიური 3%. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფუნქციონირებას დაიწყებს 2013 წლის მარტიდან. (http://bit.ly/YPh1L6)
"დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, რაც გულისხმობს მოსავლის აღების შემდგომი, ნებისმიერი სახის პროდუქციაზე დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის (სასაწყობე, დამფასოებელი, სამაცივრე მეურნეობები და გადამამუშავებელი საწარმოები), ასევე სხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა) განვითარების ინიციატივების იაფი და გრძელვადიანი ფულადი რესურსით მხარდაჭერას. 2013 წელს ამ სქემით მხარდაჭერილი იქნება მინიმუმ 60-მდე საწარმო. მეწარმეთათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ტიპის სესხებზე იქნება დაახლოებით 3%. ამ წელს გაიხსნება სოფლის მეურნეობის მინიმუმ 60-მდე გადამამუშავებელი საწარმო" - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. (http://bit.ly/15t4P6K)
შემუშავდა მიზნობრივი პროგრამები და იწყება მათი განხორციელება ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. ესენია: ვაქცინაცია მილიონზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვის; კერძო სექტორში არსებული პირუტყვის აღწერა და მისი ვაქცინაცია; მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ მიმართული პროგრამა.
დავით კირვალიძის განცხადებით, მთავრდება ქვეყნის მასშტაბით ნიადაგების ფიზიკური და ქიმიური თვისებების სწორად შეფასებისათვის საწყისი ანალიზების შესასრულებლად სპეციალური პროგრამის შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს მიწათმოსარგებლეებს ზუსტად განსაზღვრონ ნიადაგების აგროსაწარმოო თვისებები, რაციონალურად გამოიყენონ სასუქები და მაქსიმალური ეფექტურობით შეარჩიონ სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით დარგის ასოციაციასთან ერთად ყალიბდება მარკეტინგული საბჭო, რომელიც განსაზღვრავს დარგის მარკეტინგულ გეგმას, რომ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებები თანმიმდევრული და მიზანმიმართული გახდეს, მიღწეული იქნას მაქსიმალური შედეგი ოპტიმალური დანახარჯებით. ასევე, დაიწყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
საქართველოს რეგიონებში 60 გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმო გაიხსნა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტის წასახალისებლად დამატებით 1,5 მილიონი გამოყოფილი. (http://bit.ly/YPh1L6)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 196 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 468 მლნ. აშშ დოლარს (6 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2013 წლის იანვარში 272 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტი შეადგინა. 2013 წლის იანვარში განსაკუთრებით გაზრდილია ექსპორტი 2010 წლის იანვართან შედარებით (85 პროცენტი). 2013 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 179 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით ნაკლებია. დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2013 წლის იანვარში 219 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წლის იანვართან შედარებით 2 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 88 მლნ. აშშ დოლარს(10 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა – 132 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (3 პროცენტით ნაკლები). (http://bit.ly/13BG1v9)
უნგრეთის ელჩმა შანდორ საბომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით კირვალიძესთან შეხვედრაზე უნგრული კომპანიების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების განახორციელების შესახებ განაცხადა, 2 ქვეყანას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც თანამშრომლობის დეტალებს ითვალისწინებს. (http://bit.ly/103JKk3)
ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროსთვის 40 მლნ ევროს ოდენობით გრანტს გამოყოფს. აქედან დაახლოებით ნახევარი იქნება საბიუჯეტო გრანტი, ხოლო 15 მლნ ევრო მოხმარდება სასოფლო სამეურნეო კოოპერაციის განვითარებას. 4 დეკემბერს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობის მისიის ხელმძღვანელმა ანდრეა ფონტანამ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა შეხვედრაზე პროექტის დაწყების თარიღი და ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. პროგრამა მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებას კოოპერაციის მხარდაჭერისა და სერვის ცენტრების შექმნის პროგრამაში, ასევე დაეხმარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორის ჩართვით კერძო სექტორის განვითარებას. (http://bit.ly/103L3iS)
მიწის აღწერის კუთხით მიმდინარე და ჩატარებული სამუშაოების შედეგებით გამოლინდა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აქვს მცირე მოცულობის ნაკვეთი, საიდანაც სარგებლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოში არსებული მცირემიწიანობის პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდება კანონი სასოფლო-სამეურნეოო კოოპერაციის ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ამ საკითხზე ხელისუფლების პოზიციას საკანომდებლო ჩარჩოში მოაქცევს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით შერვაშიძემ დარგის ექსპერტებთან და იურისტებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების მარეგულირებელი კანონპროექტი განიხილა, ექსპერტებს პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კანონი საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მზად უნდა იყოს, რათა კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი დროულად შემუშავდეს და პარლამენტმა მისი დამტკიცება გაზაფხულამდე შეძლოს.
გამოცხადდა ღია კონკურსი და მარტის თვის დასაწყისში დასრულდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა. მთელი საქართველოს მასშტაბით, 54 მუნიციპალიტეტში 250 სპეციალისტი დასაქმდება, რომელიც ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში გლეხებსა და ფერმერებს კონსულტაციებს გაუწევს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტურად განხორციელებისთვის. აჭარაშიც დამატებით გაიხსნება 5 ასეთი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში ფერმერთა მოთხოვნილებების შესაბამისად განისაზღვრება პრიორიტეტები და შემუშავდება რეკომენდაციები, მოხდება ახალი ტექნოლოგიების შერჩევა-დანერგვა ექსპერიმენტული და საცდელი-სადემონსტრაციო მეურნეობების სახით. დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით საკონსულტაციო სამსახურებში შეიქმნება აგრო-საინფორმაციო ბაზები.
სამსახურების მიზანია განსაზღვროს ფერმერთა გაერთიანებების ოპტიმალური ფორმირება და ხელი შეუწყოს კოოპერირების პროცესს; აღნიშნულ სამსახურს ასევე დაევალება რეგიონებში დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო მანქანების ცენტრების განვითარება და ახალი ცენტრების ჩამოყალიბება, მარკეტინგული ინფორმაციის გავრცელება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკის გატარებას. (http://bit.ly/YPh1L6)
სამინისტროს პრიორიტეტებს შორისაა სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. ამჟამად, არხების აღდგენა მიმდინარეობს მარნეულის, გარდაბნის, ქარელის, კასპისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. ასევე, უკვე დასრულებულია 15 მაგისტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტირება. შედეგად, 2013 წელს 70 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა გასარწყავდება, რაც 3-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემს.
ქვეყანაში ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის კუთხით გადადგმულია შემდეგი ნაბიჯი: ჩინეთის მთავრობასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ქართულ მხარეს გაზაფხულზე 4 მლნ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო მანქანები გადმოეცემა. 28 ერთეულ ტექნიკას შორისაა თვლიანი და მხოხავი ექსკავატორები, ასევე მხოხავი ბულდოზერები და მტვირთავები. კომპანია "Foton Lovol International Heavy Industry LTD" უზრუნველყოფს ტექნიკის ტრანსპორტირებასაც. ქართულ მხარეს გადმოეცემა ახალი მანქანა-დანადგარების სათადარიგო ნაწილებიც.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინიციატივით 35-მდე სარწყავი სისტემების სხვადასხვა სპეციალისტი გადამზადდა. ერთთვიანი სასწავლო-გადამზადების კურსი მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორმა, ამზომველ-გეოდეზისტმა და ჰიდრომეტრის სპეციალისტმა გაიარა. დღეისათვის, მიმდინარეობს სამელიორაციო ტექნიკის ოპერატორთა II ნაკადის გადამზადება. ტრეინინგები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ACF International"-ის დააფინანსებით, სახელმწიფო კოლეჯმა "სპექტრმა" ჩაატარა.
2013 წლის იანვარში დაიწყო ტრაქტორისტ-მემანქანეთა გადამზადების კურსი, რომლის ფარგლებში გადამზადდება და შემდგომში დასაქმდება 900 ტრაქტორისტ-მემანქანე (ჩატარდა კონკურსი გადამზადების პოტენციურ მიმღებთათვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 11.000-მდე მსურველმა). (http://bit.ly/WFoVdP)
2013 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ირიგაციისა და დრენაჟის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილი თანხა გაიზარდა 54 მილიონი ლარით (2012 წელს ირიგაციისა და დრენაჟისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 10.000.000 ლარი, ხოლო 2013 წლისთვის ეს თანხა გაიზარდა 64.400.000 ლარამდე). ამჟამად ერთდროულად მიმდინარეობს 10 არხის რეაბილიტაცია შემდეგ რაიონებში: მარნეული, გარდაბანი, მცხეთა, საგარეჯო, ქარელი, კასპი. წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 50 სარწყავი არხი გაიწმინდება. სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის საქართველოში ახალი ტექნიკა შემოდის.
გამოიყო თანხები დამატებით 350 მძიმე ერთეულ სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის ტექნიკის შეძენაზე, 1.700 მოტობლოკზე და შესაბამისი რაოდენობის მისაბმელებზე. ახალი, თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა საქართველოში საგაზაფხულო სეზონისთვის შემოვა.
დამატებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიამ საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ახალი, 3 მლნ 600 ათასი ლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა შეიძინა. (http://bit.ly/YPh1L6)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ფუძნდება სამი ტიპის ფონდი. როგორც პრემიერმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი ფონდი იქნება "საქართველოს სუვერენული ფონდი" და ამ პროცესში პარტნიორი იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი, "ჯიმი მორგანი". პრემიერის განმარტებით, ეს კეთდება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, რომელიც არ იყო ეფექტური და მას მიეცემა სწორი სახე.
პრემიერის ცნობით, მეორე ფონდია "საქართველოს ახალგაზრდული ფონდი", სადაც ახალგაზრდა მეცნიერებს და ბიზნესმენებს მიეცემათ საშუალება ფინანსები მიიღონ საკუთარი ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.
რაც შეეხება მესამე ფონდს, ეს არის კერძო საინვესტიციო ფონდი. პრემიერის განმარტებით, საინტერესო პროექტის შემთხვევაში ეს ფონდი 25%-დან 75%-მდე თანადაფინანსებას გაუწევს. მისივე განმარტებით, თითოეული ფონდის ბიუჯეტი 2-2 მილიარდი ლარი იქნება.