საქართველოს შეფასების ასოციაციის მიერ 2013 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა მონიტორინგი, რომელიც ეყრდნობოდა ასოციაციის მიერ შემუშავებული მონიტორინგის გეგმას. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ამ ეტაპისათვის, მთავრობის მიერ ზემოთ წარმოდგენილი გეგმიდან შესრულებულია შემდეგი საქმიანობები:
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მისი სამინისტრო აპარატის პორტფელში შედის ორი მიმართულება – კონფლიქტების მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია. ვინაიდან სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე კონფლიქტების მოგვარების მიზნით, ამდენად სამინისტროს საქმიანობის დიდი ნაწილი სწორედ ეთნიურ-რელიგიურ ინტეგრაციას ეთმობა.
კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით გადაიდგა სხვადასხვა ნაბიჯები, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 22 რაუნდი, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს, ცხინვალის, სოხუმის და რუსეთის წარმომადგენლები. საქართველოდან ამ შეხვედრას ესწრებოდა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ქართული მხარე მზად იყო შეხვედრაზე განეხილა ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლის განხილვაც შესაძლებელი იყო ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში. ეს იყო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები, თუმცა სოხუმის, ცხინვალის და რუსეთის წარმომადგენლებმა ეს შეხვედრა დატოვეს და ისურვეს ამ შეხვედრის ფარგლებში მოესმინათ საქართველოს მხრიდან რაიმე შეთავაზებები. (http://bit.ly/WKbuth)